ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

ილონ მასკის „სტარლინკი“ – ქველმოქმედება თუ გენიალური ბიზნესი?

ბოლო დღეებში, ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთმანეთზე მიწყობილი „სტარლინკის“ სატელიტების ფოტოებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ეს ზოგმა უცხოპლანეტელების შემოჭრად მონათლა, ზოგმაც პლანატების პარადიაო, ამ სტატიის მკითხველებს კი შესანიშნავად გვესმის, რომ ეს საკომუნიკაციო სატელიტები გახლავთ, რომელებსაც ილონ მასკის დაარსებული კომპანია უშვებს.

რისთვის და რატომ?
კომპანიის გაცხადებული მიზანია მთელ პლანეტაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტ მომსახურების შეთავაზება. არადა, გვაქვს ხომ თითქოს ინტერნეტი? სტარლინკის მიმღები თეფშის ყველაზე იაფი ვარიანტი 300 დოლარი ეღირება და მომსახურების გადასახადიც, წინასწარი გაანგარიშებებით, ჩვეულებრივ ინტერნეტზე ბევრად მაღალი გამოდის. ანუ „სტარლინკი“ სახლის DSL ინტერნეტს ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს.

ოკ, გავიგეთ. ესეიგი, ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სტარლინკი ვერ უწევს კონკურენციას საკაბელო ინტერნეტს. დაგვრჩა მიუწვდომელი ადგილები, ისეთი როგორიცაა: აფრიკის უდაბნო რეგიონები, მაღალმთიანი რაიონები, გემები, თვითმფრინავები და სხვა ეგზოტიკური შემთხვევბი. ნუთუ ბაზრის ესოდენ მცირე სეგმენტი ასე მიმზიდველია, რომ ათობით მილიარდ დოლარიან ინვესტიციას ამართლებს?

გამოდის ილონ მასკი ქველმოქმედი ყოფილა და აფრიკელი ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით ყრის პროექტში ამხელა ფულს?

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება რომ, ამ პროექტს სოლიდური ბიზნეს მოდელი უდევს საფუძვლად, რომელიც გაშვებისთანავე მილიარდობით შემოსავლის გენერირებას დაიწყებს. თუ როგორ, ვეცდები ამ სტატიაში ავხსნა ოღონდ ჯერ ცოტათი შესაბამის ტექნიკაში უნდა გავერკვეთ.

საკაბელო ინტერნეტი
დღევანდელი ინტერნეტ კავშირის უდიდესი ნაწილი (97%), ოკეანეში ჩადებული ტრანსკონტინენტალური ოპტობოჭკოვანი კაბელით ხორციელდება.

ოკეანის ფსკერზე კაბელის ჩადება სპეციალური გემიდან ხდება. თვითონ კაბელი და კაბელის გაყვანის პროცედურა საკმაოდ ძვირია, მაგრამ ბევრად სწრაფი და იაფი ჯდება იგივე კაბელის უამრავი ქვეყნის გავლით კონტინენტზე გაყვანასთან შედარებით. ამიტომ, ერთი კონტინენტის შიგნითაც კი, კავშირის დასამყარებლად სიგნალი ოკეანეში გადებულ კაბელში გაივლის ხოლმე.

ამ კაბელების გადება და მომსახურება უზარმაზარი ბიზნესია, რომელიც თითზე ჩამოსათვლელი კომპანიების ხელშია ამჟამად. ესენია Alcatel Submarine Networks (საფრანგეთი), TE Connectivity Subcom, NEC (აშშ). ბაზარზე ახალი შემოსული მოთამაშეა ჩინური Huawei, რომელიც თავისი აგრესიული ფასებით აზიისა და აფრიკის ბაზარს იპყრობს.

ჩვეულებრივი საყოველთაო ინტერნეტ კავშირის პარალელურად არსებობს სპეციალიზირებული კავშირისათვის გამოყოფილი ხაზები.

სპეციალიზირებული კავშირის ხაზები
სხვათა შორის, პირველი წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი 1850 წელს, ლამანშის სრუტის ფსკერზე გაიდო, ლონდონისა და პარიზის ბირჟებს შორის კომუნიკაციის დასამყარებლად.

ჩვენი დროის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ბირჟა – London Stock Exchange და ნიუ-იორკის NASDAQ ერთმანეთისაგან, დაახლოებით, 13.000 კილომეტრითაა დაშორებული. ოპტობოჭკოვან კაბელში სიგნალი ლაზერის სხივის საშუალებით ვრცელდება. ყველამ ვიცით, რომ სინათლესაც სასრული გავრცელების სიჩქარე აქვს, ამიტომ ლონდონში ფასის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გადაცემას ნიუ-იორკში 80 მდე მილიწამი (ms) სჭირდება. ამაში შედის სიგნალის ოპტიკურ ბოჭკოში გავლის დრო, პლიუს კაბელის ბოლოებში, სიგნალის ოპტიკურიდან ელექტრულში და პირიქით გარდაქმნა-გარდმოქმნისათვის საჭირო მიკროწამები.

80 მილიწამი, თითქოს დიდი არაფერი ხომ? 2015 წელს ოკეანეში ამ ორი ბირჟის შესაერთებლად გაიყვანეს ახალი კაბელი სახელად Hibernia Express Cable, რომლის მოხმარების ფასიც თვეში $300.000 დოლარს შეადგენს. მისი კონკურენტის და მანამდე ყველაზე სწრაფი კაბელის ფასი ამის შედეგად დაეცა და ამჟამად შეადგენს $35.000 დოლარს თვეში.

როგორც ჩანს, მომხმარებლები მზად არიან სულ რაღაც 5 მილიწამით ადრე ინფორმაციის მიღებაში ამხელა თანხა გადაიხადონ. რა თქმა უნდა, ეს ხომ მათ ბირჟაზე კონკურენტებზე სწრაფი რეაგირებისა და შესაბამისად ფასებისა და ვალუტის კურსების რყევაზე უზარმაზარი ფულის გაკეთების საშუალებას აძლევთ. წარმოიდგინეთ, მუდმივად სხვებზე ადრე იცოდეთ ევრო/დოლარის კურსი!

„სტარლინკი“
„სტარლინკის“ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ზოგიერთ ტექნიკურ ასპექტს გვერდს მაინც ვერ ავუვლით.

ინტერნეტ სატელიტები მანამდეც იყო. მაგალითად სანამ საქართველოში ინტერნეტის კაბელს შემოიყვანდნენ „მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის“ სახურავზე დედისერთა ინტერნეტის სატელიტური თეფში ეყენა. იგი იყენებდა ე.წ. გეოსტაციონარულ ინტერნეტ სატელიტს რომელიც 36.000 km სიმაღლეზე კიდია დედამიწის თავზე. ამის შედეგად, სიგნალის დაგვიანება დაახლოებით 550 ms-ია, რაც თითქმის 10-ჯერ მეტია ზემოთ ნახსენებ კაბელის ვარიანტთან შედარებით.

რატომ არ უშვებენ ინტერნეტ სატელიტებს დაბალ ორბიტაზე?

სატელიტთან უწყვეტი კავშირი რომ გქონდეს, ის უძრავად უნდა იდგეს შენს თავზე, ასეთია, მაგალითად, ყველა სატელევიზიო სატელიტი. ამას ქვია გეოსტაციონარული და დედამიწის გრავიტაციისა და ზომიდან გამომდინარე ასეთი „თავს ზემოთ ჩამოკიდება”, მხოლოდ 36.000 კმ სიმაღლეზეა შასაძლებელი. ამ სიმაღლეზე ქვემოთ რაც დაფრინავს ე.წ. ყველა დაბალი ორბიტის სატელიტი (low earth orbit) ვერ „ჩერდება“.

ასეთი სატელიტი ჩაიქროლებს ხოლმე, იგი სულ რაღაც რამდენიმე წუთი ჩერდება მხედველობის არეში და მერე ისევ მიიმალება. ასეთ მოძრავ სატელიტთან კავშირის დასამყარებლად სპეციალური, ძალზე ძვირიანი მოძრავი ანტენებია საჭირო. მაგ.: ეს ანტენა (თეფში) დგას Oberpfaffenhofen-ის Mission Control Center-ის თავზე ISS-თან და სხვა თანამგზავრებთან კავშირის დასამყარებლად. იგი 2010 წელს გადავიღე, მას მერე უკეთესები დააყენეს.

ამ ვიდეოზე ჩანს როგორ „მიაყოლებს თვალს“ თეფში დაბალი ორბიტის სატელიტის ტრაექტორიას.

სტარლინკის „ტრიუკი“
ჩუქუ-ჩუქუ მატარებელივით ჩამწკრივებულ სატელიტებს რომ ვხედავთ, ესენი დროთა განმავლობაში გაიშლებიან, მანძილები მათ შორის გაიზრდება და თან საწყისთან შედარებით, ცოტა უფრო მაღალ ორბიტებზე ავლენ.

ჯამში, 1,584 სატელიტი გაეშვება 72 სიბრტყეში (თითო ორბიტაზე 22). გაშვება ეტაპობრივადაა დაგეგმილი, თითო გაშვებაზე 60 ცალი. გაშვების მერე, რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახავთ ხოლმე ასეთ „მატარებელს“, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება და საბოლოოდ ასეთ ბადედ გადაიქცევა.

ბადე იმისთვისაა საჭირო, რომ დროის ნებისმიერ მომენტში, დედამიწის ნებისმიერ ორ A და B პუნქტის თავზე, მინიმუმ ერთი სატელიტი მაინც იმყოფებოდეს. დედამიწის A პუნქტიდან რადიოტალღებით კოსმოსში ატყორცნილი სიგნალი მიაღწევს თუ არა „სტარლინკის“ რომელიმე სატელიტს, უმალვე იქ ზემოთ, ლაზერის სხივის საშუალებით, სატელიტიდან სატელიტამდე გაიკვლევს გზას იმ სატელიტამდე, რომელიც ამ მომენტში B პუნქტის თავზე კიდია და იქ დაეშვება.

იმის გამო რომ მოძრავი სატელიტები ასეთ ბადეს ქმნიან ყოველთვის მოიძებნება გზა, ე.წ. “path” და თან არაერთი, ნებისმიერ ორ A და B პუნქტს შორის.

როგორ გავაკეთოთ მილიონი ვაკუუმისგან?
ოპტობოჭკოვან კაბელში სინათლე, ანუ ლაზერის სხივი ვრცელდება შუშის მაგვარ ნივთიერებაში. ეს სინათლის სხივს ანელებს, იგი დაახლოებით 40% ით უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ვაკუუმში.

იმის გამო რომ, ვაკუუმში ლაზერის სხივი უფრო სწრაფად ვრცელდება და თან სატელიტები დაბალ ორბიტაზე მოძრაობენ და არა გეოსტაციონარულზე, ჯამში, სიგნალის გადაცემა იგივე მანძილის დედამიწაზე გადებულ კაბელზე უფრო სწრაფად ხერხდება.

ყველაზე პესიმისტური გათვლით, ზემოთ მოყვანილ თვეში $300.000-იან კაბელს „სტარლინკი“, მინიმუმ, კიდევ 6 მილიწამით მოუგებს. ამას ემატება იგივე და კიდევ უფრო გაუმჯობესებული კავშირი ტოკიოს, ფრანკფურტის და სხვა ბირჟებს შორის. მასკი მარტო სავალუტო კურსებზე მოვაჭრეებისგან ამოიღებს თვეში რამდენიმე ათეულ მილიონ მოგებას.

რეალურად ამისათვის კეთდება სტარლინკი.

ამ საბირჟო ცენტრებს შორის კომუნიკაციაში, დროის ნებისმიერ მომენტში, ათასზე მეტი სატელიტიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული შეიძლება იქნეს ჩართული. დანარჩენები კი უსაქმოდ რომ არ იყვნენ, მოემსახურებიან კეთილ მიზანს და მიაწვდიან ინტერნეტს აფრიკის მოშორებულ რეგიონებსა თუ ჩრდილოკორეაში ინფორმაციულ იზოლაციაში მყოფ გაჭირვებულ ხალხს.

ამ ჩრდილოკორეელ გოგონას კი, რომელიც გამორთულ კომპიუტერზე მუშაობს, მაინც არაფერი ეშველება.


ავტორი: გიორგი მამალაძე – კომპანია Siemens-ის კორპორატიული ტექნოლოგიების უფროსი, სოფტვეარ არქიტექტორი.

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *