ბლოგი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეშივანისმუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვანის ნაქალაქარის მიდამოებში. იგი ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმი დღეს ოთარ ლორთქიფანიძის სახელს ატარებს. ვანის მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII საუკუნიდან I საუკუნის ჩათვლით. აქ ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.

ვანის ნაქალაქარი

ვანის ნაქალაქარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია და მოიცავს კულტურულ ფენებს რკინის ხანიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით. ნაქალაქარი განლაგებულია სამ ტერასად დანაწილებულ ბორცვზე, რომელსაც ორი მხრიდან იცავდა ღრმა ხევები. დასახლება ვანში უწყვეტად არსებობდა რვა საუკუნის მანძილზე (ძვ.წ. VIII-I სს.). ძველი ვანის ისტორიის უადრესი ეტაპი ძვ.წ. VIII- VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ პერიოდის მასალა შედარებით მწირია. სავარაუდოდ მომდევნო ხანების სამშენებლო საქმიანობამ დააზიანა უძველესი ძეგლები. აღნიშნულ ეტაპზე ნაქალაქარი მის შემოგარენში არსებული სამოსახლოების საკულტო-რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. ყველაზე უკეთ ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე მდებარე საკულტო კომპლექსია შემორჩენილი. მეორე ეტაპი, რომელსაც მიეკუთვნება ხის ნაგებობები, რიტუალური მოედანი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მდიდრული სამარხები და სხვა ძეგლები, ძვ.წ. VI-IV საუკუნეებით თარიღდება. ამ დროისთვის ძველი ვანი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური გათხრების განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ამ პერიოდის კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ვანის ნაქალაქარის ისტორიის მესამე ეტაპზე (ძვ.წ. IV ს-ის მეორე ნახევარი -III ს-ის დასაწყისი) კოლხეთის სამეფოს დასუსტების პირობებში, ვანის მხარის მმართველებმა გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ამ პერიოდს მიეკუთვნება მდიდრული სამარხების სერია და სამარხების ჯგუფებთან გამართული სამლოცველოები. შეინიშნება სიახლეები ხელოსნობის დარგებსა (მაგ.: დაიწყო ამფორებისა და კრამიტების წარმოება) და დაკრძალვის წესებში (მაგ.: მიცვალებულისათვის მონეტისა და ამფორების ჩატანება). მეოთხეეტაპზე კი (ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევარი – I ს-ის შუა ხანები) ძირეული ცვლილებები მოხდა. შეწყდა საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლების დაკრძალვა ქალაქის ფარგლებში და იგი სატაძრო ქალაქი გახდა. ამ პერიოდის ყველა ნაგებობა საკულტო დანიშნულებისაა. ძველი ვანი ძვ.წ. I საუკუნის შუახანებში დანგრეულა, თუმცა აღმოჩენილია გვიანანტიკური ხანის და შუასაუკუნეების მასალებიც.

როგორ მივიდეთ

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეშივანში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის 32 ნომერში მდებარეობს. მუზეუმთანმიდის სამანქანო გზა.